- პრაივესი
- ანგლოსაქსური სამართლებრივი ცნება პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ნიშნავს. პრაივესი არის ადამიანის სურვილი თავისუფლად აირჩიოს, თუ რა ვითარებაში და რა ხარისხით არის ის მზად, გახსნას საკუთარი თავი, საკუთარი ჩვევები და საქციელი სხვა ადამიანებისათვის. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სამართლის პროფესორ რუთ გეივისონის (Ruth Gavison) აზრით, პრაივესი 3 ელემენტისაგან შედგება: საიდუმლოება, ანონიმურობა და განმარტოება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაიკარგოს როგორც ადამიანის სურვილით, ასევე გარედან ჩარევით. უფრო ზოგადად, პრაივესი ნიშნავს პირადი ცხოვრების მოწყობას საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, როდესაც უცხოთა ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. ის ეხება პირად, საოჯახო და შინაურ ცხოვრებას, ფიზიკურ და სულიერ ხელშეუხებლობას, პატივსა და ღირსებას. დაუშვებელია, ადამიანის არასწორად წარმოჩენა, იმ არასასურველი ფაქტების გამჟღავნება, რომელიც არ არის საქმესთან დაკავშირებული, პირადი ფოტოების არასანქციონირებული გამოქვეყნება. ადამიანი დაცული უნდა იყოს შპიონაჟისაგან და გაუმართლებელი, ან დაუშვებელი უტაქტო ქმედებებისაგან, პირადი მიმოწერის მასალების არასწორი გამოყენებისაგან, იმ ინფორმაციის გამჟღავნებისაგან, რომელიც პიროვნებამ კონფიდენციალურად გაანდო ან მიიღო სხვისგან. პრაივესი პიროვნების ინფორმაციულ სუვერენიტეტსაც ნიშნავს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს, აკონტროლოს საკუთარი და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. არავის აქვს ინფორმაციული სუვერენიტეტის შელახვის უფლება. პრაივესის დარღვევა განიხილება როგორც ძალადობა, ისევე, როგორც ფიზიკური ძალადობა თუ ქონების ქურდობა (თუ ქონებას ტრადიციულად განვიხილავთ როგორც ინდივიდის სხეულის გაგრძელებას, მაშინ ინფორმაცია ადამიანის შესახებ მისი სულის გაგრძელებაა). ამიტომ, პრაივესის დარღვევა შესაძლებელია ძალადობის გამოყენების კანონით დადგენილ პირობებში და მხოლოდ როგორც პასუხი ძალადობაზე. პრაივესის კონცეფცია ეყრდნობა ინდივიდუალური ინტერესების პრიმატს საზოგადოებრივ ინტერესებზე (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არსებობენ ე.წ. ,,გამორჩეული ინდივიდები”, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს გამოხატავენ. სხვადასხვა ინდივიდი საზოგადოების სხვადასხვა ინტერესს გამოხატავს, საზოგადოება კი არაანტროპომორფულია, მას არა აქვს ,,საინფორმაციო ღრუ”, რათა საკუთარი ინტერესები გაახმოვანოს). საზოგადოებას არა აქვს უფლება ცხვირი ჩაყოს პირად საქმეებში, თუ ინდივიდი აშკარად არ გამოთქვამს ან გამოხატავს ამგვარ სურვილს. პრაივესის შესახებ მრავალრიცხოვანი მინიშნებაა ბიბლიაში; დიდი ყურადღება ეთმობა პრაივესის დაცვას ასევე ძველებრაულ კულტურაში, ძველ საბერძნეთში და ძველ ჩინეთში. პრაივესთან დაკავშირებული კანონმდებლობა სათავეს 1361 წლიდან იღებს, როდესაც ინგლისელმა მოსამართლეებმა გამოსცეს ,,მშვიდობის აქტი“ (Peace Act), რომელიც გახდა ჯაშუშობის საწინააღმდეგო სამართლებრივი საფუძველი.Source: საყვარელიძე ფრიდონ. პრაივესი, ანუ განმარტოების სიკეთის შესახებ // თავისუფლება N1(13) [2003იანვარი] თავისუფლების ინს-ტი. თბ.
Georgian encyclopedia. 2013.